სამეტყველო კოდთა შერევა სახელურსა და ზმნურ შესიტყვებებში „აფხაზეთის საკათალიკოზო დიდი დავთრის“ მიხედვით

ავტორები

  • ციალა ბენდელიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

სამეტყველო კოდთა იერარქია, სახელური და ზმნური შესიტყვება, დიალექტური კოდები

ანოტაცია

აფხაზეთის საკათალიკოზო დიდი დავთარი“ იწერებოდა თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში. მასში წარმოდგენილია XVI-XVII საუკუნეთა სამეტყველო ენა, რომელიც გამოიყენებოდა დაბალ სასულიერო პირთა მიერ, თუმცა მინაწერები ეკუთვნით აფხაზეთის კათალიკოსებსაც და მეფეთმეფე ბაგრატსაც. ამ მინაწერებს სხვა სტილი აქვთ. მოვალე გლეხთა მოსაკრებლების დავთარში მოცემულია ძველი და XVI-XVII საუკუნეთა ქართულის, საეკლესიო და საერო სტილის კუთვნილი სახელური და ზმნური შესიტყვებები, უმეტესად ორწევრიანი, სამწევრიანი და ზოგჯერ ოთხწევრიანი შესიტყვებებიც; წარმოდგენილია სამწიგნობრო და დიალექტური ნარევი სიტყვათშეხამებები, შესიტყვებები და კონსტრუქციები, მრავლად გვხვდება ფსევდოსამწიგნობრო მიკროკოდები. სახელურ შესიტყვებაში ხშირად გამოყენებული ემფატიკური ხმოვნის გამო დავთარს შეიძლება „ანმეტი დავთარი“ ვუწოდოთ. ამ მხრივ დავთარი ახლოს დგას დაახლოებით იმავე პერიოდის საერო ძეგლებთან. თანამედროვე ქვემოიმერულ და საერთოდ დასავლურ დიალექტურ კოდებში ემფატიკური ხმოვანი აღმოსავლურ სამეტყველო კოდად აღიქმება. სახელურ შესიტყვებაში უმეტესად მოცემულია სახელისა და სახელის (სახელისა და გვარის, გვარისა და სახელის) სრული შეთანხმება, უმეტესწილად შენარჩუნებულია მიცემითი ბრუნვის ნიშანი, ამის გამო დავთარს შეიძლება „სანმეტი დავთარი“ ვუწოდოთ. გვხვდება როგორც პოსტპოზიციური, ისე პრეპოზიციური წყობა. დავთარს ახასიათებს „იოტი-მეტობაც“. დავთარში გამოყენებული მართებს ზმნა გვიანდელია, წარმოქმნილი ფორმაა, იგი პირველ სერიაშივე ინვერსიულია და დგას მაქვს ტიპის ზმნებში. დავთარში გვხვდება ნარევი მასალა მორფოლოგიის დონეზეც: ერთმანეთს ერევა ქვემოიმერული, რაჭული სუფიქსები, ხოლო ცალკე მდგომი სეული გასუბსტანტივებულია. დავთარი ასახავს სამწიგნობრო ენის საერო და სასულიერო ვარიანტთა გამოყენების მდგომარეობას დაბალ სასულიერო ფენაში თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-11

როგორ უნდა ციტირება

ბენდელიანი ც. (2024). სამეტყველო კოდთა შერევა სახელურსა და ზმნურ შესიტყვებებში „აფხაზეთის საკათალიკოზო დიდი დავთრის“ მიხედვით. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, (5). Retrieved from https://openjournals.ge/index.php/icl/article/view/11794