ჟურნალის შესახებ
კრებული ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ქავთარაძის (1920-1984) ხსოვნას, დაბადებიდან 105-ე წლისთავს. ის ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრაზე, იყო ამავე კათედრის გამგე, ასევე, ენათმეცნიერების ინსტიტუტში – მეცნიერი თანამშრომელი, ხელმძღვანელობდა ასპირანტებს, გამოქვეყნებული ჰქონდა მრავალი საყურადღებო ნაშრომი ქართული ენის ისტორიის, დიალექტოლოგიისა და მწერლის ენის აქტუალურ საკითხებზე. კრებულში იბეჭდება პროფ. ივანე ქავთარაძის ბიბლიოგრაფია, ასევე, მისი სამეცნიერო წერილი ხოლმეობითის კატეგორიის ისტორიის შესახებ ქართულში. მასში თავმოყრილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა სამეცნიერო სტატიები. ნაშრომები წაკითხული იყო აკაკი შანიძის, ვარლამ თოფურიას ხსოვნის, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციებზე და მოიცავს ქართველურ ენათა, ქართული ენის გრამატიკის, ლექსიკის, მწერლის ენის, ორთოგრაფიისა და ტექსტოლოგიის საკითხებს. „ქართველური ენათმეცნიერების“ XI კრებული საინტერესო იქნება ჰუმანიტარული და მომიჯნავე დარგების მკვლევრებისათვის, სტუდენტებისათვის, ქართველოლოგიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველებისათვის.


